პლატფორმა „არა ფობიაში" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსის” მიერ წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეო რგოლში საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე განცხადებით მივმართავთ. კერძოდ, მივიჩნევთ რომ 2016 წლის 22 სექტემბრიდან მედია-კავშირ "ობიექტივის” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკური საარჩევნო რეკლამა, რომელიც ქსენოფობიური შინაარსისაა და მიზანმიმართულად აღვივებს ეთნიკურ შუღლს და არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვებს.
ვიდეო რგოლში პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი - დავით თარხან-მოურავი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ ეთერში თურქეთი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპანტად და საქართველოს მტრად მოიხსენია, ამომრჩეველს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: "ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სასათბურე პირობები შეუქმნა თურქებს, სწორედ თურქებს უმზადებდა და ახლაც უმზადებს სააკაშვილი ბათუმს გადასაცემად” და ამის წინააღმდეგ პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 1 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში ამომრჩევლებს შეკრებისკენ მოუწოდებს.
პოლიტიკურ რეკლამაში ცალსახად და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ძალის ნეგატიური დამოკიდებულება თურქი ეროვნების ხალხის მიმართ, რითაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თურქი ხალხისგან მტრის ხატის შექმნას, ხოლო მათ წინააღმდეგ ბრძოლა პარტიის ერთერთ მთავარ მიზნადაა წარმოდგენილი.
პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსის” წევრები ზოგადად გამოირჩევიან საჯარო სიცრცეში გაკეთებული რასისტული და ქსენოფობიური განცხადებებით, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიისას კი განსაკუთრებით იმატა მათ მიერ გავრცელებული თურქიფობიური და რასისტული განცახდებების რაოდენობამ, რაც ასევე ასახულია პარტიის სააგიტაციო მასალაში.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაცები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოვუწოდებთ შეისწავლოს პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსის" მიერ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, რაც წარმოადგენს ამავე კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისიწინებულ სამართალდარღვევას და მიმართოთ სასამართლოს პოლიტიკური სუბიექტის სამართალდამრღვევად ცნობისა და დაჯარიმების მოთხოვნით.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ლგბტ საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო (TI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)