წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

განცხადებები

პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადება ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით

09 აგვ 2016

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს კონსტიტუცია (მე-7 მუხლი), როგორც საზოგადოებრივი შეთანხმება, ადგენს სახელმწიფოსა და ხალხის ადამიანის უფლებებით შეზღუდვის კონსტიტუციურ პრინციპს. სახელმწიფო ერთი მხრივ ცნობს და მეორე მხრივ ვალდებულია დაიცვას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებები და თავისუფლებები, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები, ხოლო ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით.
სწორედ სახელმწიფოსა და ხალხის (უმრავლესობის) ადამიანის უფლებებით შეზღუდვის კონსტიტუციური პრინციპის ერთერთი გამოხატულებაა საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი, რომელიც ცალსახად კრძალავს რეფერენდუმის ჩატარებას ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს და რითაც კონსტიტუცია იცავს ინდივიდებს უმრავლესობის ტირანიისაგან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საინიციატივო ჯგუფის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგი შინაარსის სარეფერენდუმო შეკითხვა წარედგინა: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის". ბუნებრივია, სარეფერენდუმო კითხვის მსგავსი სახით დაყენება პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის მე-16 და 36-ე მუხლებით და პირთა პირად და საოჯახო ურთიერთობებს შეეხება. ხსენებულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება არამხოლოდ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის უფლებებისთვის იქნება ზიანის მომტანი, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანებს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს და იქცევა საშიშ პრეცედენტად უმრავლესობის ხელში უმცირესობათა და ადამიანის უფლებების შესაზღუდად.

კონსტიტუცია, როგორც ცოცხალი დოკუმენტი, მოითხოვს მისი დებულებების საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლისა და განვითარების კვალდაკვალ განმარტებას. ხსენებული  განმარტების ევოლუციური  პრინციპი, რომელიც ზოგადად დამახასიათებელია ადამიანის უფლებათა სამართლისათვის, ადამიანის უფლებათა კონცეფციების განმარტებას მოითხოვს არა ისე, როგორც ის კონსტიტუციის შემუშავების დროს ან თუნდაც რამდენიმე წლის წინ მიიჩნეოდა, არამედ დღევანდელი ცნობიერებისა და განვითარების გათვალისწინებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ასეთ მიდგომას იყენებს კონსტიტუციის დებულებათა განმარტებისას და მას ცოცხალ დოკუმენტად აქცევს. ამის თვალსაჩინო მაგალითებია თანასწორობის უფლების, ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების და სხვა უფლებათა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დინამიური განვითარება და კონსტიტუციით გარანტირებული დაცული სფეროს ფარგლების უფრო ვრცლად დანახვა. შესაბამისად, რეფერენდუმის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა საკითხებზე საფრთხის შემცველი იქნება უფლებათა სამომავლო განვითარებისა და კონსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობისთვის.

სამწუხაროა, რომ სარეფერენდუმო ინიციატივა ღიად მხარდაჭერილია ხელისუფლების მიერ. საქართველოს კონსტიტუციაში სამოქალაქო ქორწინების ცნების ცვლილების საკითხის აქტუალიზება ხელოვნურად არაერთხელ მომხდარა. 2016 წლის მარტში საპარლამენტო უმრავლესობამ მიმართა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტით. ცვლილება მიზნად ისახავდა საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრას შემდეგი ფორმულირებით: „ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას". აღნიშნულ ცვლილებას ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და განაცხადა, რომ ქალისა და მამაკაცის ქორწინება გარანტირებული იქნებოდა კონსტიტუციის დონეზე, თუმცა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში ქვორუმის უქონლობის გამო ჩავარდა.  

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ისედაც არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობათა სამართლებრივ ფორმატში მოქცევის შესაძლებლობას და ლგბტ თემს პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიკურ დღის წესრიგში არასდროს დაუყენებია, მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა წინასაარჩევნო პროცესში კონკრეტული სოციალური ჯგუფის ინსტრუმენტალიზაციის და პოპულიზმსა და სიძულვილზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების მცდელობაა. მაშინ როცა, ლგბტ თემი შეკრებისა და გამოხატვის ბაზისური თავისუფლებებით ვერ სარგებლობს, პოლიტიკური ელიტის მხრიდან ირაციონალურ შიშებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება, აფერხებს საზოგადოების პოლიტიკურ და სამოქალაქო განვითარებას. მეტიც, იმ პირობებში, როდესაც ლგბტ თემი მუდმივად აწყდება სტრუქტურულ ძალადობასა და დისკრიმინაციას, რეფერენდუმთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმდინარე საჯარო დისკუსიებში ჰომოფობიური დისკურსის გაძლიერება კიდევ უფრო აზიანებს თემის უფლებრივ მდგომარეობას და ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობისა და სიძულვილის ზრდის ხელშემწყობ პირობებს ქმნის.  

შექმნილ ვითარებაში მიგვაჩნია, რომ რეფერენდუმზე გასატანი საკითხი არ წარმოადგენს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს, როგორც ამას რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონი ითვალისწინებს და ის არსებითად არსებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისების გადაფარვას ემსახურება. ამავდროულად, მსგავსი რეფერენდუმი, როგორც პრეცედენტი, რომელიც უმრავლესობის ნების საფუძველზე კონკრეტული ადამიანებისა და ჯგუფების უფლებების ფარგლებს და გარანტიებს ცვლის, წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს დემოკრატიული სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანისთვის, რომელსაც სხვა კონტექსტში ასევე შეიძლება შეეხოს უმრავლესობის ტირანია.

ვთვლით, რომ რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდისა და სხვა პარტიების მიერ გამოყენებული არგუმენტი, რომ განსახილველი საკონსტიტუციო ცვლილება პრორუსული პოლიტიკური ძალების მხრიდან ჰიპოთეტური პროვოკაციის შესუსტების ინსტრუმენტია, არსებითად უსაფუძვლოა და ამ გზით ის იმეორებს და აწარმოებს სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებსაც აღნიშნული პრორუსული ჯგუფები ატარებენ. მეტიც, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ლგბტ საკითხების უფლებრივი კატეგორიიდან "მორალისა” და "ტრადიციების” კონტექსტში გადატანა და ამ საკითხებით სპეკულირება წინასაარჩევნო პერიოდში ელექტორატის მობილიზაციისათვის, პირველ რიგში, აძლიერებს სწორედ რუსული პოლიტიკური ელიტის მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ ნარატივს.  

ამდენად, მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებულ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. ამავდროულად, ამგვარი ნაბიჯი ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებებს, მორალსა და ტრადიციებს შორის ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირების კიდევ უფრო გაძლიერებას, ლგბტ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წახალისებას და საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რაც პირდაპირ აისახება დისკრიმინაციულ პრაქტიკებში, ლგბტ ჯგუფისა თუ ჯგუფის ცალკეული წევრების მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს სახელმწიფოში, არ დანიშნოს რეფერენდუმი და ამ გზით ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური გარემოს მშენებლობას.   
 
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია ( GRASS )
არასამთავრობო ორგანიზაცია  "იდენტობა”
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
ლგბტ საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
კავშირი "საფარი”
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი საქართველო

  • გააზიარე: