წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

განცხადებები

სამოქალაქო პლატფორმაში «არა ფობიას!» შემავალი ორგანიზაციების განცხადება

06 მარ 2015

 გვსურს, გამოვეხმაუროთ 2015 წლის 18 თებერვალს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანია "იმედის” გადაცემა "ქრონიკაში” გაკეთებულ კომენტარს, რომელიც ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა და რასისტულ კონოტაციებს შეიცავდა კონკრეტული ქვეყნებისმოქალაქეებისადმი.

"ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის... ვერ არის, მაგალითად, ბედნიერი ტურიზმის სააგენტო... ამ სფეროში 1 სექტემბერს, როცა ეს რეფორმა [საიმიგრაციო] შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 2014 წელს, ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების... შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრიუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას... მერე უკვე ჩვენ შეგვიძლია დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია ან რაც მთავარია, ინვესტორია".

წარმოდგენილი განცხადება ქსენოფობიური ხასიათისაა და აშკარად დისკრიმინაციულია მინისტრის მიერ დასახელებული ეთნიკურიდა რასობრივიიდენტობის მქონე ადამიანების მიმართ, რამდენადაც აიგივებს მათ საქართველოს არაკეთილმოსურნეებთან, რომლებიც არ უნდა დაიშვებოდნენ ქვეყანაში. ამგვარი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებთან და სრულ თანხვედრაშია იმ რიტორიკასთან, რომელსაც რადიკალური ჯგუფები ჩვენს საზოგადოებაში კულტივირებენ. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც ასეთ პოპულისტურ ნარატივს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი ტირაჟირებს.

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი ავრცელებს მცდარ წარმოდგენას, თითქოს ამგვარი დისკრიმინაციული მიდგომა – გარკვეული ქვეყნებისა და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ადამიანების ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვა - ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების საწინდარია, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ევროპის შესახებ უმართებულო და სტერეოტიპული წარმოდგენების გაღრმავებასაც.

უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მსგავს გამონათქვამებზე მიუთითებს ევროპის საბჭო თავის 1997 წლის 30 ოქტომბრის რეკომენდაციაში "სიძულვილის ენის შესახებ”, სადაც ხაზგასმულია ხელისუფლების წარმომადგენლების "განსაკუთრებული პასუხისმგებლობა”, "თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, განსაკუთრებით, მედიით, რომლებიც შესაძლოა, შეფასდეს სიძულვილის ენად ან რომლებიც გამოიწვევენ რასობრივი, ქსენობოფიური სიძულვილის, ანტისემიტიზმის ან დისკრიმინაციის სხვა ფორმების ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული სიძულვილის ლეგიტიმაციას, მის გავრცელებას ან პოპულარიზაციას".

მიგვაჩნია, რომ უმაღლესი თანამდებობის პირის, იუსტიციის მინისტრის მხრიდან ამგვარი ქსენოფობიური, დისკრიმინაციული, რასისტული მიდგომისა და სტერეოტიპული დამოკიდებულების შემცველი განცხადებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს და ზიანის მომტანია როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციისთვისაც.

მნიშვნელოვანია, უმაღლესი თანამდებობის პირებმა გააცნობიერონ საკუთარი განცხადებების გავლენა საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე და არ წაახალისონ არატოლერანტული დამოკიდებულებების გაღვივება. მოვუწოდებთ მთავრობის წევრებს და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პატივი სცენ განსხვავებული იდენტობის ადამიანებს და საკუთარი საჯარო გამოსვლები დააფუძნონ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვის პრინციპებზე. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიის განვითარების ფონდი

იდენტობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

კავშირი "საფარი”

  • გააზიარე: