წერილი წარმატებით გაიგზავნა
ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი
გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!
სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!
სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!
მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!
გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!
საჩივარი: 2014 წლის 6 აპრილს "რუსთავი2"-ის გადაცემა პოს-ტსკრიპტუმში გავიდა სიუჟეტი, ბათუმში მუსლიმთა სალოცავის აშენების შესახებ. სიუჟეტის დასაწყისში ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ქემალ ცეცხლაძე საუბრობდა იმ პრობლემების შესახებ, რაც მრევლს ბათუმში არასაკმარისი სალოცავი სივრცის გამო ლოცვის მხრივ ექმნება, რასაც ქუჩაში პარასკევის ლოცვის ვიზუალური სცენაც ახლდა. სიუჟეტის მეორე ნაწილში კი ჟურნალისტი ავითარებდა აზრს, თითქოს მეჩეთის მშენებლობა საქართველოს მოქალაქე მუსლიმების საჭიროება კი არ იყო, არამედ მეზობელი სახელმწიფოს - თურქეთის მიერ თავსმოხვეული ვალდებულება. ამის საილუსტრაციოდ კი ჟურნალისტმა, მთიანი აჭარის ერთ-ერთი სოფლის დაცარიელებული ჯუმა მოიყვანა ("თურქული და ირანული ბათუმის ცენტრიდან ძირძველ ქართულ სოფლებში ავდივართ", "პარასკევია და მოლა ჯუმაში მარტო შედის").
"მედიის განვითარების ფონდმა", "ქართველ მუსლიმთა კავშირმა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა" აღნიშნული სიუჟეტის გამო 2014 წლის 16 აპრილს საჩივრით რუსთავი 2-ის თვითრეგულირების კომისიას მიმართეს. ორგნიზაციების აზრით, სიუჟეტში ადგილი ჰქონდა ფაქტების არასწორ ინტერპრეტირებას, არასწორ კონტექსტუალიზაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ჟურნალისტის მიერ შემოთავაზებული ბმა დაუსაბუთებელი იყო, რადგან ბათუმში სალოცავი სივრცის ნაკლებობას, მთიან აჭარაში ცარიელი სალოცავის არსებობა არანაირად არ აკომპენსირებს და ეს სხვა, სოციალურ-ეკონომიკური რეალობის აღწერას მეტად უკავშირდებოდა, ვიდრე მეჩეთის მშენებლობის თემას.
განმცხადებელთა აზრით, ამ შემთხვევაში სახეზე იყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33 (2) მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად, "მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას".
საჩივრის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ ასევე დაუშვებელი იყო კადრებით და სინქრონით მანიპულირება, რაც სიუჟეტში მთიან აჭარაში გადაღებულ პასაჟს მოსდევდა. კერძოდ: ჟურნალისტის დაუსაბუთებელი განზოგადება - თითქოს "სოფლებში, სადაც ისლამი უფრო მყარია, ვიდრე ქალაქში, სწყინთ, რომ ძველი უნიკალური სალოცავები ინგრევა, ახლის აშენება კი ქართველ მუსლიმებს მეზობელი თურქეთის ინტერესების გამო სურთ" - არა სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლების სინქრონს, არამედ აკადემიური სფეროს ერთი წარმომადგენლის კომენტარს ეფუძნებოდა:
რამაზ სურმანიძე, ისტორიკოსი, პროფესორი:"რატომ უნდა მოითხოვოს მეზობელმა ქვეყანამ [თურქეთმა] ჩვენთან სამლოცველოს აშენება? თუ სამლოცველო ასაშენებელია, ხალხი არის აქა, საზოგადოებაა, თუ მათ სჭირდებათ, თვითონ ეს ხალხი ააშენებს და იქნება სამლოცველო".
აღნიშნულ კომენტარში რესპონდენტმა გარდა იმისა, რომ ეჭვის ქვეშ დააყენა ახალი მეჩეთის აშენების საჭიროება (რასაც სიუჟეტის დასაწყისში თავადვე აღწერდა), აღნიშნული მშენებლობა, არგუმენტაციის გარეშე, "მეზობელი ქვეყნის" მოთხოვნას დაუკავშირა, ხოლო ჟურნალისტი არათუ ეცადა მეტი სიცხადე შეეტანა იმაში, თუ რა და ვის მოთხოვნას გულისხმობდა რესპონდენტი, არამედ ეს მოსაზრება სოფლის მოსახლეობის პოზიციად დაუსაბუთებლად წარმოაჩინა.
საჩივრის ავტორთა აზრით, ამ შემთხვევაში დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 14 (9) მუხლი, რომლის თანახმად,"ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის საარქივო მასალის რედაქტირებისას, მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით."
ამასთანავე, მომჩივანი მხარე მიიჩნევდა, რომ დაირღვა კოდექსის მე-13 (2) მუხლი, რომელიც ავალდებულებს მაუწყებელს, "მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება;" ასევე 18 (2) მუხლი: "პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს".
საჩივრის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ მთლიანობაში აღნიშნული სიუჟეტი არღვევდა მაუწყებელთა ქცევის კოდექის 32 (1) მუხლს, რომლის თანახმად, "მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ზუსტიდა სარწმუნო, დაბალანსებული, პროპორციული და თანაზომადი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ყველა კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფზე და სოციალურ ფენაზე სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით."
გადაწყვეტილება: 2014 წლის 29 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი2"-ს თვითრეგულირების ორგანომ საჩივარი დააკმაყოფილა.
მოტივაცია: რუსთავი2-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტის ან გადაცემა „პოსტკრიპტუმის" რედაქციის მიზანი არ ყოფილა სადავო სიუჟეტით მაყურებლის შეცდომაში შეყვანა ან უმცირესობათა შესახებ არასწორი განცხადების გაკეთება, რისი დასტურიც თვითრეგულირების ორგანოს აზრით, არის მთლიანად სიუჟეტის დაბალანსებულობა და ჟურნალისტის მცდელობა, გაავრცელოს ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება. მიუხედავად ამისა, თვითრეგულირების ორგანომ განცხადება დააკმაყოფილა და „პოსტკრიპტუმის" რედაქციას რეკომენდაცია მიეცა - განსაკუთრებით სიფრთხილით მოეკიდოს რელიგიურ უმცირესობების საკითხებზე სიუჟეტების მომზადებას. „სადავო სიუჟეტში შესაძლოა არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული უნდა იქნეს მიჩნეული ჟურნალისტის მიკერძოებულ პოზიციად, რადგან სიუჟეტში გასული სადავო ფრაზები გაუფრთხილებლობის შედეგს წარმოადგენს", -აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.