მშვიდობის ფონდი, MDF, GDI, TDI vs. „კვირის პალიტრა“
საჩივარი: 2016 წლის 25 იანვარს გაზეთ „კვირის პალიტრას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია „
ტაში, ბიჭო, ვართანუშა!" (ავტორი ეკა სალაღაია);
არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მშვიდობის ფონდი", „მედიის განვითარების ფონდი" (MDF); „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) 2016 წლის 3 თებერვალს
საჩივრით მიმართეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს და მოითხოვეს გაზეთ "კვირის პალიტრას" რედაქციის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე და მე-7 მუხლების დარღვევის საკითხის შესწავლა.
საჩივრის ავტორების აზრით, სტატიაში ჟურნალისტი ახდენს საკითხის განზოგადებას მთელ ერზე, წარმოაჩენს მას როგორც სხვისი საკუთრების მიმთვისებელს; სტატიაში ხდება სიძულვილის გაღვივება სომეხი ერის მიმართ, რასაც ხელს უწყობს ჟურნალისტის მიერ გამოყენებული ლექსიკაც; ჟურნალისტს თავად დამატებით მოჰყავს სხვა გადაუმოწმებელი ფაქტები, რითიც აძლიერებს არმენოფობიური კონტექსტს, მაგალითად:
„შეზარხოშებულმა მასპინძლებმა სიმღერაც წამოიწყეს - ყური მივუგდე და სომხურად ნათარგმნი ჩვენი "ყვავილების ქვეყანა" შემრჩა ხელთ. ვუთხარი, ეს ხომ ქართული სიმღერაა-მეთქი? რას ლაპარაკობო, შეიცხადეს, მერე კი აქეთ მომდეს შარი, თქვენ წაიღეთ ჩვენგანო... ერთხელ ჯანსუღ ჩარკვიანისთვის უთქვამს სომეხ კოლეგას, შოთა რუსთაველი სომეხი იყო, წყალი არ გაუვაო. ბატონ ჯანსუღს უპასუხია, წარმოგიდგენია, როგორ ეჯავრებოდა მშობლიური ენა, რომ "ვეფხისტყაოსანი" ქართულად დაწერაო..."
ჟურნალისტი ასევე ახდენს რესპონდენტის ქსენოფობიური გამონათქვამების ტირაჟირებას, რაც ხელს უწყობს საკითხის განზოგადებას მთელს ერზე, სტერეოტიპების გავრცელებას და დისკრიმინაციას, კერძოდ:
„სომხეთში არიან "ავადმყოფური ისტორიზმის" სენით შეპყრობილი მუსიკოსები, მსახიობები, მწერლები, ისტორიკოსები...."
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საკითხის ასეთი გაშუქებით ჟურნალისტი არღვევს ქარტიის მე-7 მუხლს, რომელიც კერძოდ ამბობს: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებით, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."
განმცხადებლები მიიჩნევენ, რონ ჟურნალისტს სტატიაში არ მოუხდენია ფაქტების გადამოწმება და არ დაუცავს სიზუსტის პრინციპი; სომეხი ეროვნება წარმოდგენილია როგორც მასალის ობიექტი და არა სუბიექტი. არ არის წარმოდგენილი მეორე მხარის პოზიცია.
შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში წარდგენილი საჩივრის ავტორების აცხადებენ, რომ ჟურნალისტმა გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირებით, ასევე ფაქტებზე მოპასუხე მხარის პოზიციის დაფიქსირებისგან თავის არიდებით დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლი, რომელიც ამბობს, რომ
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია"
და მესამე მუხლი, რომლის თანახმადაც:
„ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყაროც დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია".
გადაწყვეტილება: 26 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა საჩივარი. საბჭოს
გადაწყვეტილებით, გაზეთ "კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა ეკა სალაღაიამ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი (სიზუსტე), მე-3 (ფაქტის მიჩქმალვა) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპი. სადავო მასალა , „
ტაში ბიჭო ვართანუშა" 2016 წლის იანვარში გამოქვეყნდა და ეძღვნებოდა ცეკვა "დაისის” შესრულებას "გევორქიანის ცეკვის აკადემიის” მიერ.
სტატიის ეთიკის პრინციპებთან შესაბამისობის განსახილველად ქარტიას მომართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – "მშვიდობის ფონდმა”, "მედიის განვითარების ფონდმა” (MDF), "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა” (TDI) და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ” (GDI). ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია, არც შეპასუხება წარმოუდგენია.