
მედია ორგანიზაცია თავისუფალია აირჩიოს სარედაქციო პოლიტიკა და მართოს კონტენტი ამ პოლიტიკის შესაბამისად. საზოგადოების მედია არჩევანი ნაწილობრივ მედიის სარედაქციო პოლიტიკისა და პიროვნების პირადი შეხედულებების თანხვედრაზეც არის დამოკიდებული, თუმცა ჟურნალისტური ეთიკა და პროფესიული სტანდარტები აწესებს ნორმებს, რომლის დაცვა სარედაქციო პოლიტიკის მიუხედავად, ყველა ანგარიშვალდებულ მედია საშუალებას მოეთხოვება.
ბოლო დროს ტვ "ობიექტივის” ეთერში სამი სარედაქციო ვიდეო რგოლი გამოჩნდა: ერთ კლიპში ისტორიული ტრავმის გაღვივება ოსმალეთის იმპერიის ოკუპაციაზე აქცენტირებით ხდება, მეორე აჭარაში თურქეთის დაფინანსებით მოქმედი პანსიონების წინააღმდეგ, ხოლო მესამე ბათუმში თურქი ინსვესტორებისა და თუქეთის მოქალაქეთა წინააღმდეგაა მიმართული.
ტვ "ობიექტივის” სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით თურქოფობიული შინაარსის კლიპები, შეიძლება არავის გაუკვირდეს, თუმცა, როცა ამას კამპანიური ხასიათი აქვს და სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს, მიზანშეწოლია, ვიმსჯელოთ იმ ზიანზე, რომელიც ამ სარედაქციო პოლიტიკას მოაქვს.
რედაქციის მიერ მომზადებულ მასალებში აქცენტი იმ საფრთხეებზე კეთდება, რაც საქართველოს, კერძოდ კი აჭარის რეგიონს მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან ემუქრება. მათ შორისაა ბათუმში ქუთაისის ქუჩის შესახებ მომზადებული სიუჟეტური მასალა, სადაც თურქ ინვესტორებს, კანონის დარღვევაში, ქართული ენისა და ქართველი მოსახლეობის უპატივცემულობაში დებენ ბრალს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიდეო
რგოლი, რომელიც ისტორიული ტრავმების გაღვივებას ემსახურება. რედაქციის მიერ მომზადებულ მასალას "პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, დავით თარხან-მოურავი, საქართველო-თურქეთის ისტორიული წარსულის განხილვით იწყებს და შემდეგ აცხადებს:
"დღესაც თურქეთი ღიად აცხადებს პრეტენზიას ბათუმზე, ოზურგეთზეც და ახალციხეზეც”.
ვიდეორგოლს "პატრიოტთა ალიანსის” კიდევ ერთი ლიდერი და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი შემდეგი მოწოდებით ასრულებს: "დაიცავი შენი წილი საქართველო, ვიმოქმედოთ ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს”.
კიდევ ერთი
ვიდეორგოლი აჭარაში თურქულ პანსიონებს ეხება. ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში მოქმედი პანსიონები განათლების სამინისტროს არ ექვემდებარება, ხოლო ერთ ერთი რეპონდენტი, მერაბ ბლადაძე ამ პანსიონებს "ქველმოქმედების სახელით შენიღბულ ახალ რელიგიურ სექტებად” აფასებს.
მსგავსი ვიდეო რგოლების სატელევიზიო ბადეში კამპანიური ხასიათით განთავსება წინააღმდეგობაშია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31 და 33 მუხლებთან, რომელიც მრავალფეროვნების, თანასწორობის და შემწყნარებლობის პრინციპებს განსაზღვრავს:
"მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.”
"მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან”
ობიექტივის მიერ ანტითურქული ვიდეორგოლების ეთერში განთავსება ასევე წინააღმდეგობაშია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს მიერ დადგენილ პროგრამული შეზღუდვების ნორმასთან (56 მუხლი. 1):
"იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.”
"ობიექტივის” ეთერში, სარეკლამო ჭრებში, განთავსებული ვიდეო რგოლები, თურქოფობიული განწყობების გაღვივებას ემსახურება, მუდმივი საფრთხის განცდას ქმნის, მეზობელი სახელმწიფოსა და საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების მიმართ, საზოგადოებაში მტრული განწყობის დამკვიდრებას ემსახურება. ამასთანავე ტელეკომპანიის საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემები ხშირად ეხება აჭარის რეგიონის თემას და მოწვეული სტუმრებისა და ზოგ შემთხვევაში ჟურნალისტების განცხადებები, საქართველოს მეზობელი თურქეთის "მტაცებლური ბუნებისა” და "ეკონომიკურ-კულტურული ანექსიის განხორციელების” საშიშროებაზე აფრთხილებს მაყურებლებს. თურქეთის განიხილება როგორც საფრთხე ანტიდასავლურ, რელიგიურ და ისტორიულ კონტექსტში.
იმ პირობებში, როდესაც მაუწყებელი სიხშირულ რესურსს სიძულვილის გაღვივებისთვის კამპანიურად იყენებს და ბოროტად სარგებლობს დემოკრატიული ინსტიტუტით, როგორიცაა მედია, ბუნებრივია, იბადება კითხვა რამდენად ეფექტიანი მედიის თვითრეგულირების მექანიზმი საქართველოში?