წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

დონალდ ტრამპი, სიძულვილის ენა და Huffington Post-ის გაკვეთილი
2016-01-05 | თამარ ტაბატაძე

პოლიტიკოსები საკუთარი მსოფლმხედველობისა თუ მოსაზრებების საზოგადოებაში დამკვიდრებას მედიის საშუალებით ცდილობენ. როცა საკითხი ფობიურ მოსაზრებებს და სიძლვილის ენას ეხება, მედია ყოველთვის გამოწვევის წინაშე დგას. ერთი მხრივ, ჟურნალისტი ვალდებულია გააშუქოს მოვლენა, უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება და ყველას მისცეს აზრის გამოხატვის საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, არ გახდეს სიძულვილის ენის ტირაჟირების ინსტრუმენტი.

ჟურნალისტებს ხშირად ადანაშაულებენ სიძულვილის ენის გავრცელებაში. თუ ზოგჯერ მედია საშუალებები საკუთარი ნებით არიან ჩართულები პროვოკაციულ და შეურაცხმყოფელ განხილვებში, უმრავლეს შემთხვევაში, ისინი სიძულვილის ენის ტირაჟირებას მეაქნიკურად ახდენენ. არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები თუ საჯარო პირები სკანდალური განცხადებების გაჟღერებით ცდილობენ მედიის ყურადღების მიპყრობას და ამ გზით საკუთარი ფობიური ცრურწმენებისა თუ ფანატიკური მოსაზრებების საზოგადოებაში დამკვიდრებას.

როგორ უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას დასავლური მედია? რა სარედაქციო პოლიტიკას ირჩევენ, როცა მსგავსს პრეცედენტებთან აქვთ საქმე? რა უნდა გააკეთოს მედიამ, რომ ერთი მხრივ, დაიცვას სიტყვის თავისუფლება და მეორე მხრივ, არ იქცეს სიძულვილის ენის გამავრცელებელ ინსტრუმენტად. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ბოლო დროს ყველაზე თვალსაჩინო მოვლენა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის სკანდალური განცხადებები და მასზე დასავლური მედიის რეაქცია გახდა.

დონალდ ტრამპმა 7 დეკემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ მუსლიმების აშშ-ში მიგრაცია სრულადუნდა აიკრძალოს. მან განცხადება საფრანგეთსა და კალიფორნიაში ტერორისტული თავდასხმების შემდეგ გააკეთა.

ტრამპის საარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილი სწორედ მსგავს ქსენოფობიურ გამოხატვაზეა აგებული. თვეების განმავლობაში, ტრამპის შუღლის გამაღვივებელი განცხადებები მედიას გარკვეულწილად ართობდა. თუმცა, განცხადებების მზარდმა მწვავე ხასიათმა პრესამისდამი დამოკიდებულების შეცვლისკენ უბიძგა.თუ მანამდე ტრამპის კანდიდატურა და მისი ფობიური განცხადებები კომიკურად აღიქმებოდა, ის დღეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ამერიკული დემოკრატიისთვის საფრთხედ განიხილება. სახიფათო შეთავაზება", „ამერიკის ფუნდამენტურ ღირებულებებეზე თავდასხმა", „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში წინადადება",- ასე შეაფასეს წამყვანმა ჟურნალისტებმა ტრამპის განცხადება.

სხვა მედია საშუალებებთან ერთად, ტრამპის საკმაოდ საგანგაშო რიტორიკაზე განსაკუთრებით მწვავე რეაქცია Huffington Post-ს ჰქონდა.

"ეს ყოველივე ჩვენ აღარ გვართობს," - აღნიშნული სათაურით სტატია Huffington Post-ის მთავარმა რედაქტორმა არიანა ჰაფინგტონმა გამოაქვეყნა, სადაც ის აცხადებს, რომ ტრამპი ჩამოყალიბდა საშიშ ძალად ამერიკულ პოლიტიკაში.

აღსანიშნავია, რომ ივლისში Huffington Post-მა უჩვეულო ნაბიჯი გადადგა, როცა განაცხადა, რომ ტრამპთან დაკავშირებულ სიახლეებს "გასართობ" რუბრიკაში გააშუქებდა, რითაც ხაზი გაუსვა მისი კანდიდატურისა თუ კამპანის არასერიოზულობას. თუმცა, დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებამ არიანა ჰაფინგტონს აზრი შეაცვლევინა.

ჩვენ აღარ გავაშუქებთ მას გასართობ რუბრიკაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის გაშუქდება ისე, როგორც სტანდარტული, ნორმალური კამპანია", - განაცხადა მან. რედაქციამ გადაწყვიტა, რომ ტრამპის ყოველდღიური კამპანიის გაშუქებისას მასალაში მოიყვანოს ციტატები თუ შესაბამისი მასალის ბმულები, რათა ყოველ ჯერზე აუდიტორიას შეახსენოს, თუ რას წარმოადგენს რეალურად ტრამპი და მისი კამპანია. ასევე, რედაქციამ გადაწყვიტა, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას -თუ ტრამპის ქმედება ან განცხადება იქნება რასისტული, მას უწოდოს რასიზმი, თუ სექსისტური - სექსიზმი.

Huffington Post-ი ასევე პრობლემურად მიიჩნევს მედიის მზარდ ყურადღებას ტრამპის მიმართ. სკანდალური განცხადებებით ტრამპი ახერხებს, მოექცეს მიმდინარე მოვლენების ყურადღების ცენტრში, რის ხარჯზეც მისი პოპულარობა იზრდება (პრაიმერის გამოკითხვის შედეგებით იგი მოწინავე რიგებშია). გამოცემა აღნიშნავს, რომ ანტიისლამური განცხადების გაკეთების შემდეგ, სატელევიზიო ქსელებმა მას ძალზე დიდი საეთერო დრო დაუთმეს, ბევრად მეტი, ვიდრე მის კონკურენტ საპრეზიდენტო კანდიდატებს. ტრამპმა აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯამში, თითქმის ერთსაათიანი სატელეფონო ინტერვიუები მისცა ABC-ს, CNN-დაMSNBC-ს, სადაც გაიხსენა 11 სექტემბრის ტერაქტი და არანაკლებ ფობიური განცხადებების გაკეთებაც მოასწრო.

გამოცემა მიუთითებს, რომ სატელევიზიო რედაქციების ქმედებამ, უფრო და უფრო მზარდი საეთერო დრო დაოთმეს სკანდალური გამოთქმებით ცნობილ ტრამპს ყოველი მისი ფობიური განცხადების გაკეთების შემდეგ, შესაძლოა, სახიფათო ტენდენცია შექმნას -პოლიტიკაში სიძულვილის ენის სტიმულირება მოახდინოს. The Huffington Post-ის განცხადებით, პრობლემა არა მხოლოდ მედიის არაპროპორციული ყურადღებაა, არამედ ტელეწამყვანების უუნარობა, რითაც ტრამპს ეძლევა საშუალება, მტკიცებულებების გარეშე, მისი პოზიცია გაუმჟღავნებელიწყაროების" თუ არასაიმედო გამოკითხვის შედეგების დასახელებით გაამყაროს.

დონალდ ტრამპის ქსენოფობიური ხასიათის განცხადებების გაშუქების თემა მედია ექსპერტების დისკუსიის საგანი გახდა: როგორ უნდა იყოს დაცული ბალანსი სიტყვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის? რა დროს უნდა მიიღოს ჟურნალისტმა გადაწყვეტილება, არ გააშუქოს პოლიტიკოსი ან გავლენიანი ჯგუფის განცხადება სიძულვილის ენის მოტივით?

ეთიკურ ჟურნალისტიკის ქსელმა (EJN) შეიმუშავა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული 5-პუნქტიანი ტესტი სიძულვილის ენის შესახებ, რომელიც ჟურნალისტებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ტესტის პირველ პუნქტის თანახმად, „ჟურნალისტები და რედაქტორები უნდა ათვითცნობიერებდნენ, რომ მხოლოდ განცხადების სკანდალურობა არ უნდა იქცეს ახალი ამბის შექმნის საფუძვლად. ჟურნალისტმა კარგად უნდა შეისწავლოს როგორც განცხადების კონტექსტი, ასევე პერსონის სტატუსი და რეპუტაცია.

მედიამ არ უნდა გააშუქოს აუდიტორიის მანიპულირებისკენ მოწოდებული და შუღლის გამაღვივებელი პოლიტიკოსის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ, რომ ის [პოლიტიკოსი] ნეგატიურ კლიმატს ქმნის ან დაუსაბუთებელ და წინააღმდეგობრივ კომენტარებს აკეთებს.

უმჯობესია, მედიამ არასაჯარო პირების მხრიდან გაჟღერებული სიძულვილის გამაღვივებელი განცხადებების იგნორირება მოახდინოს. საჯარო პირის შემთხვევაშიც კი, მედია უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული პირის ერთადერთ მიზანს არ წარმოადგენს, ნეგატიური კლიმატი შექმნას იმ ადამინების მიმართ, ვისი უფლებებიც უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით მარგინალიზებულჯგუფების. ძირითადად, ეს უფლებები გარანტირებულია კონსტიტუციით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გლობალური მასშტაბით.

კერძოდ, ჟურნალისტმა დეტალურად უნდა გაანალიზოს მოსაუბრე პიროვნება და მისი სიტყვები, გადაამოწმოს ფაქტები და განაცხადები და განსაზღვროს ზრახვები. მან უნდა გადაამოწმოს, თუ რა შედეგის მომტანია ნებისმიერი პირის განცხადება.

ყველას აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს პოზიცია, მათ შორის პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს. ჟურნალისტის ვალია, უზრუნველყოს ეს უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მედიამ ვინმეს სიცრუის ტირაჟირების უფლება მისცეს,გაავრცელოს ბოროტი ჭორები ან წაახალისოს მტრობა და სიძულვილი გარკვეული ჯგუფის მიმართ".

საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე Huffington Post-ის სარედაქციო გადაწყვეტილება და EJN-ის 5 პუნქტიანი ტესტის გააზრება, ურიგო არ უნდა იყოს, რადგან ქართველი პოლიტიკოსებიც ელექტორალური ეფექტის მიღწევას სიძულვილის ენის ტირაჟირებით ცდილობენ. Huffington Post-ის გაკვეთილი კი მარტივია, ერთი მხრივ, ის ობიექტურად აშუქებს კანდიდატის საარჩევნო კამპანიას და მეორე მხრივ, საზოგადოებას პერმანენტულად მის რეალურ სახეს ახსენებს, რითაც პოლიტიკოსს მისთვის სასურველი წესებით თამაშის უფლებას არ აძლევს.

  • გააზიარე:
  • 0