წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

სოციალური პრობლემები ქსენოფობიურ კონტექსტში - მიწის საკუთრების საკითხი
2015-12-08 | თამარ ხორბალაძე

საჯარო სივრცეში სოციალური პრობლემების ქსენოფობიურ კონტექსტში წარმოჩენას ხშირად არა მხოლოდ პოლიტიკური კლასი, არამედ მედიაც უწყობს ხელს. ამ მხრივ -2013-2014 წელს ქართულ მედიაში თბილისის ზღვაზე ე.წ. ჩინური ქალაქის მშენებლობასთან ერთად, რომელიც რეალურად ჩინური ინვესტიციით განხორციელებული მშენებლობაა, ყველაზე აქტუალური თემა სოფლად მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული დავების გაშუქება იყო.

წინამდებარე მიმოხილვაც სწორედ მედიაში მიწის საკუთრების თემატიკის გაშუქებას ასახავს და ძირითადად ფოკუსირებულია ისეთ შემთხვევებზე:

1) როცა მედია-საშუალებას აქვს მკვეთრად გამოხატული სარედაქციო პოლიტიკა საკითხის მიმართ, ახდენს დაუსაბუთებელ პარალელებს და არ მიმართავს სათანადო ზომებს მკითხველისთვის დაბალანსებული და უტყუარი ინფორმაციის მისაწოდებლად;

2) როცა სახეზეა კვალიფიციური გაშუქების პრობლემა, რაც ხელს არ უწყობს აუდიტორიის საკითხში გარკვევას;

3) როდესაც მედია სიძულვილის ენის ტირაჟირებას უწყობს ხელს.

ყველა ეს შემთხვევა კი საბოლოო ჯამში კიდევ უფრო აღრმავებს შეუწყნარებლობას უცხოს მიმართ. ჩვენ ასეთ პრაქტიკას ამჯერად გაზეთების „რეზონანსი" და „კვირის პალიტრა" და ტელევიზიის „რუსთავი2"-ის მაგალითებზე განვიხილავთ.

გაზეთ "რეზონანსის" შემთხვევა

მიწის უცხოელებზე გასხვისების თემა საკმაოდ აქტიურად იყო გაშუქებული გაზეთში „რეზონანსი". გვხდებოდა ამ თემაზე როგორც სარედაქციო, ისე საავტორო სტატიები. სამწუხაროდ ამ სტატიებში, თუ ცალკეულ პირთა მიმართვებში, ნაკლებად იყო წარმოდგენილი განსხვავებული აზრი, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ამ შემთხვევაში მიწების საკითხთან დაკავშირებით თავად რედაქციას ჰქონდა ჩამოყალიბებული მკვეთრი სარედაქციო პოზიცია.

საილუსტრაციოდ ჩვენ ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ორ სტატიას განვიხილავთ.

რეზონანსი, 14 მაისი

გაზეთ "რეზონანსის” ჟურნალისტის მიერ მომზადებული სტატია "საძოვრების კრიზისი საქართველოში” ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საძოვრების გასხვისებასთან დაკავშირებით მოსახლეობის უკმაყოფილების თემას ეხება.

სტატია დაუბალანსებელია _ შვიდიდან ექვსი რესპონდენტი ერთ პოზიციას გამოხატავს. არ არის წარმოდგენილი არც უცხოელი ინვესტორების, არც ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია, რომლის კომპეტენციასაც მიწების განკარგვა წარმოადგენს.

სტატიის შესავალში ჟურნალისტი გვთავაზობს შემდეგ განზოგადებას, ყოველგვარი სტატისტიკის და ფაქტობრივი მონაცემების გარეშე:

"საქართველოში ძროხების გამოსაკვები ბალახი სანთლით საძებნელი გახდა. პირუტყვი თავის სარჩენად ღობე-ყორეს ედება”.

აღსანიშნავია, რომ სტატიის ეს შესავალი სიტყვა-სიტყვით ემთხვევა ციტატას, რომლის ავტორად პუბლიკაციაში კონკრეტული პიროვნების ნაცვლად, კრებითად ხობელები არიან მოხსენიებული.

სტატიაში ასევე საუბარია მიწების უკანონო გასხვისებაზე, რაც უფრო ზოგად მსჯელობას ეყრდნობა, ვიდრე ფაქტობრვი გარემოებებს, ასევე უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის სიტყვებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ საძოვრები საერთო სარგებლობის კატეგორიას განეკუთვნება და მათი გასხვისება დაუშვებელი იყო.

სტატიაში მოყვანილია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებები ინვესტორებთან სამართლებრივად გამყარებულია, მთავრობა ვერაფერს მოიმოქმედებს ანუ საკუთრების საკითხს ვერ გადახედავს, თუმცა ჟურნალისტს არ უცდია გაერკვია შემდეგი გარემოებები, რაც არსებითი იყო საზოგადოების სიღრმისეული ინფორმირებისთვის:

 

 

მნიშვნელოვანი იყო ჟურნალისტს მოეძიებია როგორც დოკუმენტური მასალა ოფიციალური წყაროებიდან (ეკონომიკის სამინისტრო, სააჯარო რეესტრი), ასევე გადაემოწმებინა შესაბამის ექსპერტებთან, რომელთაც მსგავს თემებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ.

შესაბამისად, ჟურნალისტს არ მიუღია ყველა გონივრული ზომა, რათა ინფორმაცია ყოფილიყო უტყუარი და არ შეეყვანა შეცდომაში მკითხველი;

ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა

მედიის ეთიკის სტანდარტები ამბობს, რომ ჟურნალისტი თავის საქმიანობაში, პირველ რიგში, უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და უნდა შეეძლოს ბალანსის პოვნა ფაქტობრივ გარემოებებსა და ცალკეულ მოქალაქეთა ემოციურ შეფასებებს, ასევე პოლიტიკოსთა სპეკულაციებს შორის, რომლებიც მოსახლეობის უკმაყოფილებას ქსენოფობიურ კონტექსტში კიდევ უფრო ამძაფრებენ. მოცემულ სტატიაში სოციალური პრობლემას რესპონდენტები (კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო, თამაზ კუნჭულია, ექსპერტი) პაკისტანელების, თურქების, ინდოელებისა და ჩინელების მიერ მიწის შეძენას უკავშირებენ, ისე, რომ ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები და თუ სხვა ინფორმაცია არ არსებობს. ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ფაქტების და მოსაზრებების გამიჯვნის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება. ქვემოთ მოყვანილია ამონარიდი რამდენიმე ქვეყნის ეთიკის კოდექსიდან:

პოლონეთი: ფაქტის და კომენტარის გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მკითხველმა შეძლოს ფაქტების შეხედულებებისა და მოსაზრებებისგან განსხვავება.

ფინეთი: საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება, გაარჩიოს ფაქტები თვალსაზრისისა და ინტერპრეტაციისაგან, რაც ამბისათვის ფონის შესაქმნელად გამოიყენება. ეს პრინციპი არ ზღუდავს ჟურნალისტს, თავად აირჩიოს წერის სტილი და ფორმა.

რეზონანსი, 17 ივლისი

სტატიაში, სათაურით "გამოკითხულთა 100% უცხოელებზე მიწის გაყიდვის ეწინააღმდეგება” აშკარაა პროფესიულ სტანდარტის დარღვევის შემთხვევები, კერძოდ:

სტატია შეეხება მიწის გაყიდვის თემაზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს. ამ დროს - სტატიაში მითითებული არ არის გამოკითხვის მეთოდოლოგიის ისეთი არსებითი ელემენტები, როგორიცაა რესპონდენტების შერჩევის პრინციპი, გამოკითხვის გეოგრაფიული არეალი, კვლევის ტიპი და ა.შ. ეს ზოგადად სოციოლოგიური კვლევის გაშუქების სტანდარტის დარღვევაა. ამასთან, ამ ინფორმაციის არცოდნის გარეშე, ჟურნალისტის მიერ შემოთავაზებული სათაური, შესაძლოა, შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს.

როგორც სათაურიდანვე ჩანს, სტატიაში მხოლოდ ერთი შეხედულებაა წარმოდგენილი, რაც საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების შესაძლებლობას ქმნის.

პრობლემურია ასევე ის, რომ ჟურნალისტი სარედაქციო ტექსტში ისევე საუბრობს მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებულ უსაფუძვლო საფრთხეებზე, როგორც ამას რესპონდენტები მიმართავენ.

ჟურნალისტი: "საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც საშუალოდ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. უცხოელების ინტენსიური ჩამოსახლება, მიწების მიყიდვა ქართველების შესაძლო ეთნიკურ ჯგუფად დაყოფის, მათ უმცირესობაში მოხვედრის საფრთხეს წარმოქმნის.”

ჟურნალისტი საფრთხეებზე თავად მიუთითებს, ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე და გამოხატავს პირად სუბიექტურ მოსაზრებას.


ქსენოფობიური კონტექსტი

რუსთავი 2-ის და კვირის პალიტრის შემთხევა

რუსთავი 2, კურიერი, 22 ივნისი

მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში[1]ერთ-ერთი რესპონდენტის სიტყვები სიძულვილს აღვივებს მუსლიმების მიმართ. ამ ფრაზის სიუჟეტში ციტირება აუცილებლობას არ წარმოადგენდა, რადგან რესპონდენტი არც საჯარო პირია, რომ მის მიმართ მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდეს და არც საკუთრებითი დავის გადმოცემისთვის იყო აღნიშნული სინქრონის გამოყენება არსებითი.

სოფელ შინდისის მკვიდრი: "ჯერა ხმლითა და მახვილითა გვკაფავდნენ ეს მუსულმანები, ქართველებსა გვავიწროვებდნენ, გვხოცავდნენ და გვჟლეტავდნენ, ეხლა ვინ არიან ესენი? ან უფროსი არა ყავთ, ან უმცროსი არა ყავთ, ან მთავრობა არ არი? რომელი მთავრობის იმედი უნდა გქონდეს, რო ეს მუსულმანები მოგვაშორონ აქედან”.

ჟურნალისტმა დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლი, რომლის თანახმად:

"მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.”

თავად სიუჟეტში არის უზუსტობა. არასწორად არის გადმოცემული პრობლემის არსი და არის ფაქტობრივი შეუსაბამობები. მაგალითად ჟურნალისტი საკუთრების ფორმების აღრევას ახდენს: ერთი მხრივ, აცხადებს, რომ საძოვრები თურქებზეა გაყიდული, მეორე მხრივ, თავად თურქი ინვესტორი სიუჟეტში ამბობს, რომ მას მიწა იჯარით აქვს აღებული. იჯარა და შესყიდვა კი განსხვავებული საკუთრების ფორმებია.

ჟურნალისტს მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით ანალოგიური დაპირისპირების სხვა მაგალითები მოჰყავს და სამთაწყაროს შემთხვევაში ხაზგასმას აკეთებს იმაზე, რომ სოფელი "აზერბაიჯანის საზღვარზე უკანასკნელი ქართული დასახლებული პუნქტია”, რითაც სიტუაციის კიდევ უფრო დრამატიზებას ახდენს.

კვირის პალიტრა, 15 აპრილი

გაზეთ "კვირის პალიტრის" 15 აპრილის სტატია "გადახრიოკებულ დიცს ინდოელები დაეპატრონენ" სათაურშივე შეიცავს ნეგატიურ კონოტაციას ინდოელების მიმართ.

პუბლიკაციაში ასევე ვხვდებით ნეგატიურ სტერეოტიპებს უცხოელების მიმართ:

"რომელი ინდოელები? შავები და წვერებიანები რომ არიან?"

მასალაში ასევე გამოყენებულია სოფელ დიცის ერთ-ერთი მცხოვრების კომენტარი, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავდა ინდოელების მიმართ:

"სულაც რომ თავი დაიხოცონ, მაგ მიწაზე არ გავახარებთ".

ქსენოფობიურ კონტექსტს კიდევ უფრო აღრმავებს დაუსაბუთებელი პარალელები საომარ ვითარებასთან, რაც ასევე სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს:

სოფელ დიცის მკვიდრი: "რაც ოსებს გადაურჩა, ახლა ჩვენებმა ინდოელებს მიჰყიდეს, მაგრამ როგორც ოსებთან ომისას არ დავტოვე სოფელი, არც ახლა ვარ ამ მიწის მიმტოვებელი, ეს ადგილები ჩვენი სისხლით არის შენარჩუნებული!”

ვფიქრობთ აქ საყურადღებოა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლი, რომელიც დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეს ეხება და იგი დარღვეულია გაზეთის მიერ:

მუხლი 7: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოსნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ანსოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".

საქართველოს ჟურნალისტთა ქარტია ანტიდისკრიმინაციულ მუხლს შემდეგნაირად განმარტავს:

"ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.

ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს."

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დისკრიმინაციული გამონათქვამების ტირაჟირებაზე უარის თქმა არ ნიშნავს ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვას. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს შემთხვევები, როდესაც ქსენოფობიური გამონათქვამების ტირაჟირებით მედია შეუწყნარებლობის გარემოს დამკვიდრებას უწყობს ხელს და ისეთი ვითარებები, როდესაც მედია უბრალოდ საზოგადოებაში არსებულ დისკრიმინაციულ განწყობებს ასახავს. ასეთი მასალების მიზანია, ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის და შეუწყნარებლობის გარემოს შესახებ ინფორმირებულ და ჯანსაღ დისკურსს, რაშიც მედიის პროფესიული მიდგომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საერთაშორისო გამოცდილება

ანტიდისკრიმინაციული დებულებები არაერთი ქვეყნის ეთიკის კოდექსშია ასახული. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი:

ნიდერლანდები: "ჟურნალისტი გაითვალისწინებს იმ საფრთხეს, რომელიც მედიის მხრიდან დისკრიმინაციის წახალისებამ შეიძლება გამოიწვიოს და ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს რასობრივ კუთვნილებაზე, სქესზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, ენაზე, რელიგიაზე, პოლიტიკურ და სხვა მრწამსზე, ეროვნულ თუ სოციალურ კუთვნილებაზე დამყარებული დისკრიმინაცია".

ფინეთი: "თითოეული ადამიანის ღირსება და რეპუტაცია დაცული უნდა იყოს. კანის ფერი, ეროვნება, წარმომავლობა, რელიგიური და პოლიტიკური მრწამსი, სქესი თუ სხვა პიროვნული მახასიათებლები არ უნდა გამოქვეყნდეს, თუ ისინი არ უკავშირდება მოცემულ საკითხს ან დამამცირებელი ფორმითაა მოყვანილი".

რეკომენდაციები

 

 



[1]http://www.myvideo.ge/?video_id=2079309

  • გააზიარე:
  • 0