წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

რა გვყოფს და რა გვაერთიანებს
2015-12-22 | თამარ კინწურაშვილი

ამას წინათ, როცა ბლოგერების ტრენინგზე მრავალფეროვნების საკითხების მედია გაშუქებას ვიხილავდით, ერთ-ერთმა მონაწილემ ნიგვზიანის ინციდენტის შემდეგ სოფელში მისი სტუმრობა გაიხსენა.  2012 წელს თბილისიდან ადგილზე ჩასულმა ჟურნალისტებმა ფართოდ გააშუქეს, როგორ არ აძლევდა სოფლის ქრისტიანული მოსახლეობა მუსლიმ ქართველებს რელიგიური მსახურების უფლებას და როგორ განვითარდა დაპირისპირება მათ შორის. ინციდენტის შემდეგ ნგვზიანში დარჩენილმა ბლოგერმა მართლმადიდებელი მასპინძლისგან სოფლის ყოფაზე საკმაოდ საინტერესო ამბავი შეიტყო. სოფელში განთავსებული მართლმადიდებლური ჯვარის განათება ადგილობრივებისგან ელექტროენერგიის დამატებითი საფასურის გადახდას მოითხოვდა, რასაც ადგილობრივი მუსლიმების მხრიდან შეთავაზება მოჰყვა, ელექტროენერგიის გადასახადი მათზეც გადანაწილებულიყო.

მსგავსი ისტორიები ქართული მედია სივრცეში ნაკლებად აისახება. ზოგადად მედია მიდრეკილია ასახოს კონფლიქტები და მწვავე თემები, თუმცა როცა საქმე მოწყვლად ჯგუფებს ეხება, მედია შეუძლია აჩვენოს არა მხოლოდ ის, რაც გვყოფს, არამედ ის, რაც გვაერთიანებს და ამით ინკლუზიურ პროცესს, გარიყულთა შემოერთებას შეუწყოს ხელი.

2009 წელს იტალიურმა La Repubblica-მ გამოაქყვეყნა სტატია, სათაურით "1 წელი, 4 თვე და 21 დღე. მოგზაურობა სიკვდილიდან იტალიამდე". მასალა შეეხებოდა 78 მიგრანტს, რომელიც თავშესაფარის საძიებლად  ლიბიიდან ნავით იტალიისკენ მოგზაურობდა და მათგან მხოლოდ 5 გადაურჩა სიკვდილს. გადარჩენილები იტალიის კუნძულ ლამპადუსას მიადგნენ. იტალიური კანონმდებლობით, 5 გადარჩენილი ადამიანი არალეგალური ემიგრაციისთვის სისხლის სამართლის დამნაშავედ ითვლებოდა. გაზეთმა ამ ფაქტს მე-2 და მე-3 გვერდები დაუთმო და იტალიურ საზოგადოებას ერთადერთი გადარჩენილი ქალბატონის ტიტი ტაზრარის ისტორია უამბო. მასალის ავტორმა ოთხი დღე დაჰყო პალერმოს საავდამყოფოში, სადაც ტიტის მკურნალობდნენ და ახალგაზრდა ერიტრეელი ქალის ისტორიის რეკონსტრუირება ასე მოახდინა. ჟურნალისტმა თხრობა ერთი წლის წინანდელი ამბების გახსენებით დაიწყო: როგორ აგროვებდა ტიტი ფულს უკეთესი ცხოვრებისთვის, აღწერა სხვა ადამიანების ცხოვრების პირობები, აღადგინა მოგზაურობის დეტალები სუდანის უდაბნოდან ლიბიამდე და ის ტრაგიკული დეტალები, რაც ტრეფიკინგს უკავშირდება. ავტორმა გადმოსცა გემზე მყოფთა იმედები და შიშები და თავისი გაშუქებით, ერთი შეხედვით, კანონმდებლობის დამრღვევ კრიმინალთა მიმართ საზოგადოების თანადგომა გააჩინა.

იტალიური გაზეთის მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ მოვლენების სიღრმისეული გაშუქების გზით, კონტექსტის ჩვენებით, იმ ადამიანების პერსპექტივის ასახვით, ვისი ხმაც მედიუმში ნაკლებად ისმის, მედიას შეუძლია დაგვანახოს არა ის, რაც გვყოფს, არამედ ის, რაც გვაერთიანებს. მოწყვლადი ჯგუფებისადმი მგრძნობიარე მიდგომით, მედიას შეუძლია გასცდეს უბრალო სტატიის ფუნქციას, აჩვენოს ფართო კონტექსტი და გარიყული ჯგუფების შემოერთებას შეუწყოს ხელი.

ფობიები ყველა საზოგადოებაში არსებობს, ყველა ერში არსებობენ ჯგუფები, რომელთა მიმართ დომინანტ ჯგუფს სტერეოტიპული განწყობები აქვს  და ამ მხრივ იმუნური არც ქართული საზოგადოებაა. თუმცა პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა სიძულვილის ენა და შეუწყნარებლობა საჯარო სივრცის განუყოფელი ნაწილი ხდება, როცა მედია საზოგადოებაში  მარგინალურად მიჩნეული ჯგუფების თემატიკას მხოლოდ კონფლიქტების და ნეგატიური მოვლენებისას გვთავაზობს და არ ცდილობს ასახოს ამ ადამიანთა ხედვა იმ თემების გადმოცემისას, რაც ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი ეთინკური, რელიგიური, სექსუალური, სოციალური თუ სხვა კუთვნილებისა, აერთიანებს.

მედია, როგორც დისკრიმინაციის წყარო, არაერთი კვლევის საგანი გამხდარა. რას ამბობს ადამიანი პრივატულად და რას საჯარო სივრცეში? ვინ არის სიძულვილის ენის წყარო - კერძო თუ საჯარო პირი? და როგორ ტირაჟირებს ასეთ გამოხატვას მედია? - არსებითია იმ ზიანის შესაფასებლად, რაც  მოვლენების დისკრიმინაციულ კონტექსტში ასახვას თანს სდევს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ქართული სტანდარტი აზრს, მათ შორის შეუწყნარებელს, აბსოლუტური პრივილეგიით იცავს. განსხვავებით ევროპული მოდელისგან, სადაც სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია, ქართული კანონმდებლობით სიძულვილის ენასაც აქვს არსებობის უფლება, თუ ის მყისიერ და აშკარა საფრთხეს არ ქმნის. ასეთ შემთხვევაში რა არის ის, რაც ადამიანებს, მედიას, პოლიტიკოსებს აიძულებთ სხვაგვარად მოიქცნენ? პასუხი მარტივია - პირადი ან კორპორატიული ეთიკა, სოციალური პასუხისმგებლობა და იმის გააზრება, რომ უფლება და პასუხისმგებლობა ურთიერთდამოკიდებული ცნებებია.

გახდა თუ არა ქართული მედია უფრო მგრძნობიარე მოწყვლადი ჯგუფების მიმართ მედიის თვითრეგულირების სისტემის ამოქმედების პარალელურად, რაც მედიის, როგორც ინსტიტუტის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებას და გაზრდას უწყობს ხელს? თუ არ ჩავთვლით იმ პლატფორმებს, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა დეკლარირებული სიძულვილი და შეუწყნარებლობაა, შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით გარკვეული პოზიტიური ძვრები ჩვენშიც შეინიშნება. თვითრეგულირების ფორმატში განხილულ დისკრიმინაციული გაშუქების შემთხვევებზე მედია საშუალებები ამა თუ იმ ფორმით რეაგირებენ, რასაც შემდგომი პრაქტიკისთვის პრევენციული ხასიათი აქვს. საკმარისია თუ არა ეს საიმისოდ, რომ მრავალფეროვნების საკითხების გაშუქების მხრივ უკეთესობაზე ვილაპარაკოთ? ალბათ, არა, რადგან მედიაში საზოგადოების ყველა ჯგუფმა საკუთარი თავი უნდა დაინახოს. სამოქალაქო უფლებებით საზოგადოების ყველა ჯგუფი უნდა სარგებლობდეს. მოვლენების ინკლუზიური გაშუქებით მედიას ძალუძს სახალხო ფორუმის ფუნქცია ეფექტიანად შეასრულოს და საზოგადოებას იმათი ხმაც გააგონოს, ვინც საზოგადოების მხრიდან ხშირად იგნორირებულია, თუმცა არა მხოლოდ იმ თემების წარმოჩინებით, რაც გვყოფს, არამედ იმ საკითხების აქტუალიზაციით, რაც ყველას გვაერთიანებს.

 

  • გააზიარე:
  • 0