სიძულვილის ენის მედია მონიტორინგის მეთოდოლოგია
კლევის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმების, მათი სამიზნეების და წყაროების იდენტიფიცირება.
მონიტორინგი ეყრდნობა სიძულვილის ენის დეფინიციას, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებულ რეკომენდაციაშია (#97) მოცემული. აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით.
მონიტორინგის სუბიექტებზე დაკვირვება სიძულვილის ენის მოტივების და გზავნილების იდენტიფიცირებას, ასევე ანტილიბერალური დისკურსის ანალიზს ისახავს მიზნად. დაკვირვების საგანია:
-
ეთნიკური/რელიგიური/რასობრივი/ენობრივი/გენდერული/სექსუალური და სხვა იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობა,
-
ქსენოფობიური/ჰომოფობიური/რასობრივი და სხვა დისკრიმინაციული გზავნილების ტიპოლოგია,
-
წყაროები
-
ადრესატები
-
ტერმინოლოგია.
მედია მონიტორინგის მონაცემების ანალიზი როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მეთოდით ხორციელდება.
მედია მონიტორინგის სუბიექტების შერჩევა. მონიტორინგის სუბიექტებად როგორც ტრადიციული მედია საშუალებები (ტვ, ბეჭდური, ონლაინ გამოცემები), ასევე სოციალური ქსელ ფეისბუქის თემატური გვერდები შეირჩა.
გარდა სატელევიზიო რეიტინგებში მოწინავე ტელეარხების თოქ-შოუებისა, რომლებსაც განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა აქვთ და პოლიტიკური პოლარიზაციის სხვადასხვა პოლუსებს (სახელისუფლებო, ოპოზიცური) წარმოადგენენ, დაკვირვების საგანი ანტილიბერალური და კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიების თოქ-შოუებიც გახდა, რომელთა ნაწილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში უფრო აქტიურად ოპერირებს.
ტრადიციული მედიებიდან შემდეგი სუბიექტები შეირჩა:
-
5 ტელევიზიის პრაიმ თაიმის ყოველდღიური საინფორმაციო და კვირის ანალიტიკური გამოშვება: "ტვ იმედი” (იმედი ლაივი); "მთავარი არხი” (ღამის მთავარი); "ობიექტივი” (სტუდია N8; ნამდვილი ამბები); "ალტ-ინფო” (ალტ-ანალიტიკა), სეზონი ტვ (დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად).
-
2 გაზეთი: ანტილიბერალური და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკის გაზეთები "ასავალ-დასავალი” და "ალია”.
-
2 ონლაინ გამოცემა: კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკის "საქართველო და მსოფლიო” (www.geworld.ge) და მასთან დაკავშირებული Split News (www.spnews.io/ge ).
ფეისბუქ ანგარიშებზე დაკვირვება ფეისბუქის ანალიტიკურ ხელსაწყო Crowdtangle-ში 130 გვერდზე ხორციელდება.